მოკლედ, ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც 18 წლის გავხდი და საქართველოს კონსტიტუციაში ჩემი სრულწლოვანების დამადასტურებელი მუხლი წითელი მარკერით მოვნიშნე, როგორც ძველი, კარგი გოგოს ცხოვრების დასასრულისა და ახალი ცხოვრების დასაწყისის აღმნიშვნელი წითელი ხაზი.
იმ დღეს პირველად მოვისურვე, სახლში გადამეხადა დღეობა, სადაც დავპატიჟებდი მხოლოდ ჩემს მეგობრებს და ხსენებაც არ იქნებოდა მშობლების დაქალ–ძმაკაცებისა და გრძელ–გრძელი სადღეგრძელოების. რა თქმა უნდა, მეგობრებში ვგულისხმობდი იმ ბიჭსაც, რომელიც იმ დროს მომწონდა და დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე მოვიმარაგე მონუსხვის იარაღები: დეკოლტირებული ტანსაცმელი, თმის დავარცხნის ახალი სტილი და მძიმე არტილერიის სახით შემოვინახე მისი საყვარელი სიმღერა (გიტარაზე დაკვრით, სხვათა შორის).
მოკლედ, გავხდი რა ოცნების ქალი, გავაწყვე ოცნების სუფრა და მოთმინებით დაველოდე სტუმრებს. სხვათა შორის, მისგან შენიშვნა მივიღე (სუფრას მარილი აკლიაო), მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხნის მზადების შემდეგ ყველაფერს ვერ ჩავშლიდი, სუფრის გარდა მასაც აკლდა ერთგვარი “მარილი”, იმ საღამოს რამდენიმე სიბნელემდე დასული ქართული ფრაზა წამოისროლა, მაგრამ მოვუყრუე. მზად ვიყავი, ახალი ცხოვრების პირველ დღეს ამაზე თვალი დამეხუჭა
რომ გითხრათ, ყველაფერი იდეალურად იყო – მეთქი, მოგატყუებთ. ისე, ბევრი არც არაფერი მახსოვს. ერთი ეგ იყო, გვიან ღამით გამომეღვიძა დივანზე, ოთახში არავინ იყო, არეულ–დარეული მაგიდა ვიკინგების ნასუფრალს ჰგავდა, სანთელი კი ლამის ბოლომდე ჩაღვენთილიყო და უეჭველ დაწვას უქადდა ისედაც უკვე გამოუსადეგარ სუფრას. ჯერ კიდევ ბურანში მყოფი, მივხვდი რა რისი ნიშანიც იყო ყელში მოწოლილი სპაზმი, უნიტაზისკენ გავენთე და დიდი ხნის უნახავი შეყვარებულივით ჩავეხუტე
ცოტა ხნის შემდეგ ძლივს ავითრიე წელი და დალაგებას შევუდექი. ნახევარ საათში მხოლოდ ნასუფრალის სამზარეულოში გადაზიდვა და დიდი ოთახის მოწესრიგება მოვახერხე, შემდეგ ხელი ჩავიქნიე და ლოგინში ჩავეგდე, რადგან საშინლად მტკიოდა მუცელი და თავი.
მთელი ღამე შამფურივით ტრიალსა და კვნესაში გავატარე, რადგან დაწოლილსაც კი თავბრუ მეხვეოდა და მთელ მუცლის ღრუში რაღაც აუტანლად მჩხვლეტდა. როგორც იყო, დილისკენ ჩამეძინა და დაახლოებით დღის სამ საათზე მობილურის შეწუხებულმა წრიპინმა გამაღვიძა, აქაოდა, ბატარეა მიჯდებაო. ძლივს გადმოვბობღდი საწოლიდან, დივნამდე ოთხზე მივფორთხდი, იქვე მიგდებული მოწრიპინე “სამსუნგი” დავითრიე და დაელმებულმა დავხედე. აჰაა! ოთხი უპასუხო ზარი და მესიჯი: “როგორ გეძინა? კარგად ხარ?? დღეს ლექციაზე მოხვალ?” “რა მელექციება, მერე შეგეხმიანები” – მივწერე და ისევ გავითიშე.
ოცა ისევ გავიღვიძე, ოდნავ უკეთ ვგრძნობდი თავს. იატაკი აღარ ქანაობდა, თავს ფეხზე შედარებით მყარად ვიდექი და ვიღაც მადლიანის მიერ მაცივარში შენახულმა “ნაბეღლავმა” ხომ საბოლოოდ მომიყვანა გონზე.
ერთი ფიქრი კი მაწუხებდა: რა ჯანდაბად მინდოდა ყველაფერი ეს? გამოვიძინებდი ღამით ნორმალურად, დილით ავდგებოდი, დავალაგებდი სახლს და როგორც კარგ გოგოს შეეფერებოდა, წავიდოდი ლექციაზე.
ერთადერთი, რაც მტკიცედ გადავწყვიტე იყო ის, რომ აღარასოდეს გავიმეორებდი ამას მეორედ. ჰოდა, უკვე მეექვსე წელია, “მტკიცედ სდგაა”. ვიღაცებს რაღაცები უკვირთ, მაგრამ არ მაინტერესებს.
ჰო, მე და ის ბიჭი შემდეგ თვეში დავშორდით, მაინც არაფერი გამოგვივიდოდა.
მე კი ისევ კარგი გოგო ვარ.